16 ნოემბერს, უეფას ერთა ლიგის მე-5 ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები უკრაინას უმასპინძლებს. შეხვედრა ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე გაიმართება.
ეს ეროვნული გუნდისთვის ამ სტადიონზე გამართული მე-6 მატჩი იქნება. მოდით, გავიხსენოთ რა მოხდა წინა 5 შემთხვევაში. თავიდანვე გეტყვით, რომ ნაკრების სტატისტიკა აჭარაბეთ არენაზე ასეთია - 5 მატჩი, 2 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება, გოლების ბალანსი - 9:5.
ვილი სანიოლის გუნდმა ბათუმში პირველი 3 მატჩი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით ჩაატარა.
2021 წლის 2 სექტემბერს მეტოქე კოსოვო იყო. მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. მე-18 წუთზე მურიქის გატანილი გოლით სტუმრებმა ის თამაში 0-1 მოიგეს.
აქ ჩატარებული მეორე მატჩიც ჩვენი გუნდისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. 2021 წლის 9 ოქტომბერს მოწინააღმდეგე საბერძნეთის ნაკრები იყო, რომელმაც თამაშში გარდატეხის შეტანა ბოლო წუთებზე შეძლო და 2 უპასუხო გოლი გაიტანა. 90-ე წუთზე ბაკასეტასმა პენალტი ზუსტად შეასრულა, 95-ე წუთზე კი პელკასმა დაუსვა შეხვედრას წერტილი.
ნავსი მე-3 მატჩში გატყდა. 2021 წლის 11 ნოემბერს საქართველომ შვედეთს უმასპინძლა და 2-0 დაამარცხა. იმ თამაშში გულშემატკივრებმა ხვიჩა კვარაცხელიას ბენეფისი ვიხილეთ. ქართველმა შემტევმა 61-ე და 77-ე წუთებზე გატანილი გოლებით დუბლი შეასრულა და ეროვნულ გუნდს აჭარაბეთ არენაზე პირველი გამარჯვება მოუპოვა.
ნაკრები ბათუმს 2023 წელს დაუბრუნდა. 25 მარტს ამხანაგური მატჩი მონღოლეთთან გაიმართა, რომელიც ჩვენი გამარჯვებით 6-1 დასრულდა. ქართველთა მხრიდან გოლები ვოლკოვმა, ჩაკვეტაძემ (2), ლობჟანიძემ, ბერიძემ და ზივზივაძემ გაიტანეს.

28 მარტს კი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში მეტოქე ნორვეგია იყო. შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა. მე-15 წუთზე ანგარიში სორლოტმა გახსნა, მე-60 წუთზე კი ანგარიში გიორგი მიქაუტაძემ გაათანაბრა.
წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ნაკრები აჭარაბეთ არენაზე კვლავ ბრუნდება, ამჯერად ერთა ლიგის ეგიდით. 2024 წლის ბოლო საშინაო მატჩში მეტოქე უკრაინის ეროვნული გუნდი იქნება.
გადამწყვეტი 2 ტური - საქართველო პირველობისთვის იბრძვის