ილია სულამანიძემ მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ საქართველოს ემოციური მიმართვა გაუგზავნა.
ძიუდოში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოქროსმედალოსანმა, 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოპოვებული ტრიუმფის შემდეგ, ქართველ გულშემატკივრებსა და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.
როგორც სპორტსმენმა აღნიშნა, მიღწეული წარმატება გუნდური ძალისხმევისა და უდიდესი შრომის შედეგია:
მინდა, ქართველ გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, ისინი უდიდეს მოტივაციას გვაძლევენ. ძალიან დიდი მადლობა ჩემს მეუღლეს, ოჯახს, დედას, მამას, ძმას, ყველა ნათესავს. დიდი მადლობა ლაშა გუჯეჯიანს, რადგან ამ აღებული მოსავლის დიდი ნაწილი მისი დათესილია. დიდი მადლობა დავით ქევხიშვილს, რომელმაც უდიდესი შრომა გასწია. დიდი მადლობა ჩემს საყვარელ ლომერ ჟორჟოლიანს. ასევე, დიდი მადლობა ყველა მწვრთნელსა და ექიმს. შევეცდები, ოლიმპიადაზეც ოქროს მედალი მოვიპოვო.
სულამანიძემ ასევე აღნიშნა:
ძალიან ემოციური იყო, როდესაც საქართველოს დროშას ვუყურებდი. ვცდილობდი, ბევრი ცრემლი არ წამომსვლოდა. გული ამიჩუყდა. ამ დროს ცრემლების შეკავება ძალიან რთულია. ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონობა უმნიშვნელოვანესია. ოლიმპიური ოქრო მაქვს დარჩენილი და 2028 წელს მოვიპოვებ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ბრწყინვალედ ასპარეზობს. მიმდინარე ეტაპზე გუნდს 4 მედალი აქვს და საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილს იკავებს.
მსოფლიო ჩემპიონები ილია სულამანიძე (100კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81კგ) გახდნენ, ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) ვერცხლის მედლს დასჯერდა, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა (60კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.