აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებისთვის პირველი მედლის მოპოვება გადაიდო.
ტურნირის მეორე დღეს, 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილმა იასპარეზა, თუმცა შეჯიბრს საწყის ეტაპზევე გამოეთიშა.
ქართველი ფალავანი პირველ შეხვედრაში ტურნირის მასპინძელს, ნიზამ იმრანოვს დაუპირისპირდა. დაძაბული მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე თითქმის ორი წუთით ადრე, მსაჯებმა მარგველაშვილს ჰანსოკუ-მაკე მისცეს. ეპიზოდი იმრანოვის ილეთით დაიწყო, რის შემდეგაც ვაჟამ თავის დაცვა სცადა, მაგრამ ფეხზე მდგომ მეტოქეს ფეხში ხელი წაავლო და შეტევის გაგრძელების საშუალება არ მისცა. სწორედ ამ მოქმედებამ გამოიწვია უმკაცრესი სასჯელი და ავტომატური დისკვალიფიკაცია.
ხვალ მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ნაკრების სამი წევრი წარდგება და ტატამიზე ლაშა შავდათუაშვილი, ეთერ ლიპარტელიანი და ნინო ლოლაძე გავლენ. ლიპარტელიანი ასპარეზობას მაია ლეოპოლდოსთან მატჩით დაიწყებს, ლოლაძის მეტოქე აკარი ომორი იქნება, ხოლო შავდათუაშვილი ჯოშუა გრინისა და დარდან სენას შორის გამარჯვებულს დაელოდება.