VIDEO: ძმების საგოლე კომბინაცია - საინტერესო ბოლო წუთები ქუთაისში
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ეროვნული ლიგის მე-11 ტური ქუთაისში, ტორპედოსა და რუსთავის მატჩით გაიხსნა. გუნდებმა გოლები ბოლო წუთებზე გაცვალეს და თითო-თითო ქულა აიღეს - 1:1.
იმერლები 33-ე წუთიდან კაცნაკლული მას შემდეგ დარჩნენ, რაც გიორგი ყრუაშვილმა მოედნიდან ვარლეი გააძევა. ბრაზილიელმა ლეგიონერმა პირდაპირ წითელი ბარათი ბოლო იმედის ჯარიმისთვის მიიღო.
88-ე წუთზე, რუსთაველები დააწინაურა ცვლილებაზე შესულმა ნიკოლოზ ქუთათელაძემ, რომელსაც საგოლე პასი თავისმა ძმამ, 18 წლის ალექსანდრე ქუთათელაძემ გაუკეთა. ალექსანდრეს ეროვნულ ლიგაში დებიუტი ჰქონდა და 5 წუთი ეყო იმისთვის, რომ ასისტი შეესრულებინა.
10-კაციანმა ტორპედომ ქულის გადარჩენა მაინც მოახერხა - გიორგი კოხრეიძის გარღვევისა და პასის შემდეგ, კომნენ ანდრიჩმა მიმდინარე ჩემპიონატში თავისთვის მე-3 გოლი გაიტანა.
11 მატჩის შედეგად, ტორპედომ 16 ქულა მოაგროვა, დილას გაუთანაბრდა და მე-2 ადგილოსან რუსთავთან ქულათა სხვაობა კვლავ 3-ია - ლიდერ იბერიას 4 ქულით მეტი აქვს. ამ ტურის დანარჩენი 4 შეხვედრა 6-7 მაისს გაიმართება.
ქუთაისური კლუბი შემდეგ ტურში, 10 მაისს, იბერია 1999-ს ესტუმრება, ხოლო რუსთავი, 11 მაისს, დინამო თბილისს უმასპინძლებს.