ჩრდილოეთ ირლანდიურ ლარნესთან ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის წინ, იბერია 1999-ის კაპიტანმა, გიორგი ჯინჯოლავამ პრესკონფერენციაზე შეფასებები გააკეთა.
"ხელოვნურსაფარიან მოედანზე აქამდეც გვითამაშია, მაგრამ საკმაოდ სპეციფიკური გაზონი იყო და ბურთის ტრაექტორიის განსაზღვრა გვიჭირდა. ამას ემატება მატჩამდე ფრენის გაჭიანურება, გამოუძინებლობა და ჯამში თამაშის ხარისხი ამ ყველაფრის გამო არ იყო დამაკმაყოფილებელი. ცხადია, ხარისხით კმაყოფილები არც ჩვენ ვართ, თუმცა იმის გათვალისწინებით, რა პირობებში მოგვიწია თამაში, ვთვლი, რომ ცუდი შედეგისთვის არ მიგვიღწევია.
სიმართლე გითხრათ, არ მინახავს, რა დაიწერა მათ მედიაში. თუმცა, თუკი იმის ილუზია შეექმნათ, რომ ამ ეტაპის გადალახვის ჩვენზე უფრო მეტი შანსი აქვთ, ვფიქრობ, ეს რეალობასთან ახლოს არაა. სახლში თამაშიც კი არ მოუგიათ და ახლა ჩვენს სტადიონზე ჩამოდიან, შესაბამისად, ვთვლი, რომ ვინც ასე ფიქრობს და ამ ილუზიას იქმნის, ფეხბურთი საერთოდ არ ესმის - ამას პასუხს მოედანზე გავცემთ და მათ ილუზიებს ჩავახშობთ.
ფეხბურთელისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როცა სავსე ტრიბუნების თვალწინ თამაშობს. პირადად მე და ბევრ ჩემს თანაგუნდელს ეს არ გამოგვიცდია და გვინდა, რომ გამოვცადოთ და შევიგრძნოთ, როგორი იქნება გადავსებული სტადიონის წინაშე თამაში.
სტადიონზე უნდა მოვიდეს მაყურებელი, რადგან ეს მხოლოდ იბერიას არ ეხება, მთლიანად ქართული ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი თამაშია. ყველა უნდა გავერთიანდეთ", - აღნიშნა ჯინჯოლავამ.
იბერია 1999-ისა და ლარნეს პირველი მატჩი 0:0 დასრულდა, ხვალ კი გუნდები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 20:00 საათიდან ითამაშებენ. პირდაპირი რეპორტაჟი Silk უნივერსალი-ზეა.
წყვილში გამარჯვებული ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში შოტლანდიურ რეინჯერსსა და პოლონურ იაგელონიას შორის გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო დამარცხებული - კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციოს პლეი-ოფში გიბრალტარულ ლინკოლნსა და კვიპროსულ ომონიას შორის დამარცხებულს.
დემჩენკოს მკაცრი გზავნილი ლარნესთან ისტორიული მატჩის წინ - რა თქვა პრესკონფერენციაზე