VIDEO: სერენა დაბრუნდა: 44 წლის უილიამსმა წყვილთა მატჩი მოიგო
09 ივნ, 2026 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სერენა უილიამსი პროფესიონალურ ჩოგბურთში წარმატებით დაბრუნდა.
ლონდონის დასავლეთით მდებარე კენსინგტონში, ქუინს კლუბში გამართულ HSBC Championships-ზე წყვილთა შეხვედრაში უილიამსმა მეწყვილესთან ერთად გამარჯვება მოიპოვა.
თითქმის ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, 44 წლის უილიამსი 19 წლის კანადელ ვიქტორია მბოკოსთან ერთად თამაშობდა და მესამე ნომრად განთესილ ნიკოლ მელიხარ-მარტინესსა და ახალზელანდიელ ერინ რუტლიფს 7-6 (2), 6-2 მოუგო.
რუტლიფი აშშ-ის ღია პირველობის ორგზის ჩემპიონია წყვილებში (2023 და 2025 წლებში), ხოლო მელიხარ-მარტინესი უიმბლდონის 2018 წლისა და აშშ-ის ღია პირველობის 2020 წლის ფინალისტი იყო წყვილთა თანრიგში.
„ვიქისთან თამაში უზომოდ მსიამოვნებდა,“ - თქვა უილიამსმა მატჩის შემდეგ კორტზე მიცემულ ინტერვიუში.
„მას ნამდვილად შეეძლო გუნდის გაძლიერება და მნიშვნელოვან მომენტებში ძლიერი თამაში. მასზე სრულად შემეძლო დაყრდნობა. აქამდე ერთად არასოდეს გვითამაშია, მაგრამ ისე ბუნებრივად ვთამაშობდით, თითქოს დიდი ხანია პარტნიორები ვიყავით.“
WTA 500-ის კატეგორიის ბალახის საფარის ტურნირზე პირველი წრის გამარჯვება 23-გზის დიდი სლემის ჩემპიონი უილიამსისთვის პირველი პროფესიონალური მატჩი იყო მას შემდეგ, რაც 2022 წლის აშშ-ის ღია პირველობაზე ემოციური გამომშვიდობებით დაასრულა კარიერა.
უილიამსმა, რომელმაც ტურნირში სპეციალური მოწვევით (wild card) მიიღო მონაწილეობა, და მბოკომ მეოთხედფინალში გასვლა შეძლეს.
იქ ისინი კანადელი ლეილა ფერნანდესისა და გერმანელი ლაურა ზიგემუნდის ან რუს ალექსანდრა პანოვასა და ნიდერლანდელ დემი სხურსს წყვილს შეხვდებიან.
როდესაც უილიამსს ჰკითხეს, როგორი შეიძლება იყოს მისი მომავალი განრიგი და რატომ აირჩია სწორედ HSBC Championships წყვილებში დასაბრუნებლად, მან ხუმრობით უპასუხა:
„არ ვიცი... უბრალოდ უკეთესი საქმე არ მქონდა,“ - თქვა უილიამსმა და გულშემატკივრების სიცილი გამოიწვია.
„სახლში ჯდომა მომბეზრდა. ჩემი შვილები ზაფხულის არდადეგებზე არიან, ასე რომ, რატომაც არა?“