ლუის ჰამილტონმა ბარსელონაში გამართულ გრან პრიზე ფერარის რიგებში პირველი გამარჯვება მოიპოვა და ამით მერსედესის 2026 წლის გამარჯვებების სერია დაასრულა.
ბრიტანელმა ჯორჯ რასელსა და ლანდო ნორისს აჯობა, ხოლო კიმი ანტონელიმ რბოლის დასრულება ვერ შეძლო.
მიუხედავად იმისა, რომ ფერარის გადაწყვეტილებამ, ჰამილტონს რბოლა რბილი საბურავებით დაეწყო, პირველ წრეზე ლიდერობის მოპოვებაში არ უშველა, იტალიურმა გუნდმა სამ პიტ-სტოპიან სტრატეგიაზე გააკეთა ფსონი, რომელმაც იდეალურად იმუშავა.
ვირტუალური უსაფრთხოების მანქანის რეჟიმის დროს ჰამილტონმა დამატებითი, პრაქტიკულად უფასო პიტ-სტოპი შეასრულა.
ბრიტანელმა რამდენიმე შესანიშნავი წრე ჩაატარა, თანდათან გაზარდა უპირატესობა მერსედესის პილოტებთან შედარებით და თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ პირველი გამარჯვება იზეიმა.
ამავე დროს, მან ჩემპიონატის საერთო ჩათვლაში ანტონელისთან ჩამორჩენაც შეამცირა.
ჯორჯ რასელი მეორე ადგილს დასჯერდა, ხოლო ლანდო ნორისმა მაკლარენისთვის მე-3 ადგილი მოიპოვა.შედეგად, 1968 წლის შემდეგ პირველად, პოდიუმზე სამივე ბრიტანელი მრბოლელი ავიდა.
რასელისთვის რბოლა მარტივი არ ყოფილა, რადგან ფინალურ ეტაპზე მას თანაგუნდელმა გაასწრო, თუმცა ანტონელისთვის ყველაფერი 66-დან 62-ე წრეზე ავარიით დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ ლუის ჰამილტონი გახდა ისტორიაში პირველი პილოტი, რომელმაც რბოლა მაკლარენის, მერსედესისა და ფერარის შემადგენლობაში მოიგო.
ამასთან ბრიტანელმა კარიერაში 106-ე რბოლა მოიგო, რაც ყველა დროის რეკორდია.
მრბოლელთა საჩემპიონო დავაში სიტუაცია ასეთია:
1. ანტონელი - 156 ქულა
2. ჰამილტონი - 115 ქულა
3. რასელი - 106 ქულა
4. ლეკლერი - 75 ქულა
5. ნორისი - 73 ქულა
6. პიასტრი - 68 ქულა
7. ვერსტაპენი - 55 ქულა
8. გასლი - 41 ქულა
9. ჰაჯარი - 34 ქულა
10. ლოუსონი - 26 ქულა