არენამაქსი
ქვიზები
სპორტის გურუ
სიახლეები
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
არ ვიცი ახლანდელ ბავშვებს ვისი ეშინიათ.
იქნება ვინმე ანიმეს გმირი, ძლიერი და დაუნდობელი, ჭკვიანი და სასტიკი, მძიმე წარსულის, რთული აწმყოსა და ბუნდოვანი მომავლის პატრონი. ფიქრიანი და დარდიანი კაცი.
შეიძლება სხვა, ფილოსოფიური სადარდებლები გაჩნდა. არ ვიცი. ასაკი თავისას შვება - ახალგაზრდობასთან ემოციურ კავშირს გაკარგვინებს გინდა - არ გინდა.
მე მეშინოდა სიბნელის.
ასევე მეშინოდა ანაკონდასი.
და სიბნელეში ანაკონდასი ხო საერთოდ.
ასევე მეშინოდა ინდოელი ამრიშ პურის, რომელიც ფილმში “ინდიანა ჯონსი და ბედის ტაძარი” ასრულებდა მოლა რამის როლს და ერთ ეპიზოდში, ანთებული თვალებით, შეშლილი სახითა და არაჯანსაღი ღიმილით იმეორებდა: “კალი მაააა, შაკტი დეეეე” (დედა კალის მსხვერპლი უნდაო).
მოსვენებასა და ძილს არ მაძლევდა ეგ ხმა. მეცხრე სიმზარში მწვდებოდა და გამოვყავდი.
კიდევ ბევრი რამისა და ვინმესი მეშინოდა. მშიშარა ბავშვი ვიყავი, მაგრამ ვერცერთი ეს შიშთაგანი ახლოესაც ვერ მოვიდოდა მათ შორის უზენაეს შიშთან, რომლის განსხეულება იყო ჩონგ ლი - უბოროტესი პერსონაჟი ფილმიდან “სისხლიანი სპორტი”. მას კი ასახიერებდა ლეგენდარული ბოლო იონგი.
გამოხდება ხანი და ამ მსახიობს ვნახავ ფილმში “ორმაგი დარტყმა” და შიშის ზარს დამცემს მისი სახე უშველებელი ნაიარევით მარჯვენა მხარეს. მერე აღმოვაჩენ, რომ თავის ქვეყანაში ეს კაცი ლეგენდაა და ჩინელ ჰერკულესს ეძახიან. გაივლის წლები და წავაწყდები ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ ჟან კლოდ ვან დამს ოჯახის წევრები სიურპრიზს უკეთებენ დაბადების დღეზე და მოკრძალებულ ჩინურ რესტორანში ბოლო იონგს დაახვედრებენ. გაუხარდებათ ერთმანეთის დანახვა ყოფილ მოსისხლე მტრებს, მიუსხდებიან სუფრას, აცმაცუნებენ პირს, იღმიმიან და იხსენებენ თავიანთსას. ბოლო იონგის ინგლისური მიტოვებული სახლის სახურავივითაა დამტვრეულ, მაგრამ მაინც ცდილობს კამერას აუხსნას ვინაა ვან დამი, რა მოვლენაა ეს კაცი და მაგინსაირი ვარსკვლავები რომ აღარ იბადებიან. აიო, წარმოიდგინეთო: ჯერ იყო ბრიუს ლიო, მერე ჟან კლოდ ვან დამიო… მერე ვინ არისო?
- ჰუ ის ნექსტ? - სვამს კითხვას ბოლო იონგი და თავადვე პასუხობს.
- არავინ.
ამ ვიდეოს ნახვამ ბავშვობისდროინდელი მოჯადოებული წრე გამირღვია - სრულიად მოულოდნელად, ზედმეტი გარჯისა და შრომა-მეცადინეობის გარეშე თვალწინ ჩამომიმსხვრია საძულველი მტრის ხატი. კაცი, რომელიც მთელი ცხოვრება შიშის ზარს მცემდა, ჩვეულებრივ, უწყინარ და კეთილ ადამიანად მიქცია.
ავდექი და ჩავუყვინთე “სისხლიანი სპორტის” ამბებს (უსაქმური რომ იქნები კაცი) და მივადექი ვინმე...
არის თურმე ერთი დიდი გამომგონებელი და მეზრაპრე კაცი - ფრენ დიუქსი, რომელმაც საკუთარ თავს ისეთი ლეგენდა შეუქმნა, რომ ჰოლივუდის მძაფრსიუჟეტიანი ფილმების განყოფილება სულ თავის დაკრულზე აცეკვა და ჩვენც, ვიდეომაგნიტოფონს მიშტერებული, ვიდეოკასეტების თაობა თან გვაცუცურაკა და თან - გაგვართო.
ირწმუნებოდა თურმე ეს კაცი, რომ იყო ვინმე ტანაკას მოსწავლე და იმან ასწავლა საგვარეულო, უიშვიათესი საბრძოლო ხელოვნება. მერეო ჯარში ვიყავიო, სპეციალურ ქვედანაყოფშიო და “სი აი ეი”-სთანაც ვთანამშრომნლობდიო. განსაკუთრებულ დავალებებზე მაგზავნიდნენო. მერე ავდექი და მონაწილეობა მივიღე იატაკქვეშა საბრძოლო ტურნირში, რომელსაც ერქვა კუმიტეო. მივიღე და მოვიგეო. ანუ, კეისრისა არ იყოს, მივედი, ვნახე და გავიმარჯვეო.
დაუჯერა ამ კაცის ნაამბობს ჰოლივუდის პროდიუსერების არმიამ და აკენკა ეს საკენკი. ჰოდა დადგეს “სისხლიანი სპორტი” და სხვა ფილმები ამის ბჟუტურის მიხედვით. იძახეს დიდხანს ნამდვილ ფაქტებზეა დაფუძნებულიო. ფრენკ დიუქსი კი დგამდა საბრძოლო სცენების ქორეოგრაფიას ვითარც ილიკო სუხიშვილი ცეკვას და გაჰქონდა თავი მშვენივრად.
მერე გამოუაშკარავდა ტყუილები დიუქსს. “სი აი ეიმ” სთქვა, ეგაო გიჟად ხო არ არისო. რაის ჩვენი თანამშრომელი და რა განსაკუთრებული დავალებებიო. იქით კიდევ “კუმიტეს” გზა-კვალს სდია ხალხმა და ვერაფერს მიაგნეს. მონაწილეები და ბრძოლის ადგილები ან ცამ ჩაყლაპა ან მიწამ უყო პირი.
რა მრჯიდა ახლა ეს რომ დავწერე.
საიდან მოვიტანე “სისხლიანი სპორტი”.
ისე, რატომაც არა? ეგეც ხომ სპორტია, ოღონდ სისხლიანი. თუმცა სხვა სპორტებშიც იღვრება სისხლი და თან ბევრი, მაგრამ იქ „ცონგ ლი არ არის.
დამეწერა რამე ესპანეთთან მარცხზე ან თურქეთთან წაგებაზე, მაგრამ მანდ რაღაა სათქმელი და დასაწერი. ყველაფერი ნათქვამი და დაწერილია. ერთიანობაში გაჩენილ ბზარზეცა და ბზარის მიზეზებზეც.
რაღა ამ ფრენკ დიუქსს, ბოლო იონგსა და ჟან კლოდ ვან დამს მივახტი.
რა ვიცი, რას გაუგებ მოწყენილი ადამიანის ფიქრებს. სადღაც გარბიან, ბავშვობისკენ იწევენ. იქ, სადაც სიბნელეა. სიბნელეში კი ისმის ანაკონდას სისინი და ნელ-ნელა იკვეთება ჩონ ლის სახე.
მოკლედ, “ კალი მაა, შაქტი დეეე”.
კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია

დათო გორგილაძე
ლინკის დაკოპირება
კომენტარები
22 ივლ, 2025
02 ოქტ, 2025
03 სექ, 2025