ლუქსემბურგთან მატჩამდე 9 დღეა დარჩენილი.
უკვე მიმოვიხილეთ თუ როგორ ფორმაში ხვდებიან მნიშვნელოვან მატჩს ჩვენი მეკარე და მცველები: გიორგი მამარდაშვილი, გურამ კაშია, მცველები იტალიიდან: საბა საზონოვი, ლუკა ლოჩოშვილი, ივა გელაშვილი, შახტარის ფლანგები: გიორგი გოჩოლეიშვილი და ირაკლი აზაროვი, კაკაბაძე, კვერკველია, კალანდაძე.
ახლა კი დროა ნახევარდაცვის ხაზში გადავიდეთ და საყრდენი ზონის მოთამაშეები განვიხილოთ, რომლებიც ნაკრების ბოლო მატჩებში ვილი სანიოლის ფავორიტებად გამოიკვეთნენ. საუბარია ნიკა კვეკვესკირსა და გიორგი ქოჩორაშვილზე.
ნიკა კვეკვესკირი

დავიწყოთ ნიკა კვეკვესკირით, რომელიც უკვე მე-4 სეზონია პოლონური ლეხის ღირსებას იცავს.
ექსტრაკლასაში პოზნანის გუნდი 24 ტურის შემდეგ 45 ქულით მე-3 ადგილზეა და ლიდერებს იაგელონიასა და სლასკს 4 ქულით ჩამორჩება.
ქართველმა ნახევარმცველმა 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 7-ჯერ სასტარტო შემადგენლობაში იყო. ის ერთხელ კვირის გუნდშიც მოხვდა.
ნიკას ანგარიშზე 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა, მოთამაშის საშუალო შეფასება კი 6.91 არის. სტატისტიკურად მისი პასების 88% ზუსტია. აღსანიშნავია, რომ მას მიმდინარე სეზონში არცერთი ფერის ბარათი არ მიუღია.
მისი დაცვითი სტატისტიკა ასეთია: 0.5 ჩაჭრა, 1.2 ვარდნა, 2.3 ბურთის დაბრუნება.
კვეკვესკირი ამ მომენტში ნაკრების ყველაზე გამოცდილი ნახევარმცველია. მას ეროვნულ გუნდში 57 მატჩი აქვს ჩატარებული, აქედან 45 სასტარტო შემადგენლობაში. მას ნაკრების მაისურით გოლი ჯერ არ გაუტანია, თუმცა 7 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული.
ნიკა ვილი სანიოლმა ბოლო 2 შეხვედრაში (შოტლანდია, ესპანეთი) სასტარტო შემადგენლობაში დააყენა და სავარაუდოა, რომ ლუქსემბურგთან შეხვედრაშიც მის თავიდანვე თამაშს მოიაზრებდეს.
გიორგი ქოჩორაშვილი

შემდეგი მოთამაშე, რომელიც საყრდენ ზონაში განიხილება გიორგი ქოჩორაშვილია, რომელიც ნაკრების შედარებით ახალი სახეა.
სამწუხაროდ 2024 წლის დასაწყისი ლევანტეს ნახევარმცველს ტრავმის გამო გაუცდა, მან 9 დეკემბრის შემდეგ პირველად 3 მარტს ხიხონთან ითამაშა, თუმცა მოედანზე შემოსვლიდან 14 წუთში პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო და თამაში დატოვა.
ტრავმამდე გიორგის მიმდინარე სეზონში 16 მატჩი ჰქონდა ჩატარებული, საიდანაც 10-ჯერ ლევანტეს სასტარტო შემადგენლობაში იყო. მან 2 გოლიც გაიტანა. საშუალოდ მისი პასების 85% ზუსტი იყო. მოთამაშის საშუალო შეფასება კი 6.72 არის.
გიორგის სტატისტიკა ასეთია: 0.6 ჩაჭრა, 1.2 ვარდნა, 3.5 ბურთის დაბრუნება.
სანიოლი ქოჩორაშვილს ბოლო 5 შეხვედრაში ენდო და ყველა მათგანი სასტარტო შემადგენლობაში დააწყებინა. მისი დებიუტი სექტემბერში ნორვეგიასთან გასვლით მატჩში შედგა. ბოლო 3 შეხვედრაში (კვიპროსი, შოტლანდია, ესპანეთი) კი მან მოედანზე 90 წუთი დაჰყო.
გადაჭრით ვერ ვიტყვით, გიორგი ტრავმის შემდეგ როგორ ფორმაშია, თუმცა მისი თამაშის განხილვა ლუქსემბურგთან მატჩისთვის უნდა ღირდეს, რადგან, როგორც ვნახეთ, მისი უპირატესობა როგორც ბურთთან ერთად ისე უბურთოდ დაუღალავი მოძრაობაა, ამას კი დაცვით და შეტევით ფაზებში უპირატესობის მოტანა შეუძლია.
ხვალ, 13 მარტს, ვილი სანიოლის განაცხადი ცნობილი გახდება და ამის შემდეგ უფრო თამამად შეგვეძლება საუბარი, თუ ვინ მიიღებს ლუქსემბურგთან ისტორიულ მატჩში მონაწილეობას.
ალბათ შეხსენება არ გჭირდებათ, მაგრამ გეტყვით, რომ 21 მარტს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეიოფის 1/2 ფინალში საქართველოს ნაკრები დინამო არენაზე ლუქსემბურგს უმასპინძლებს.