adjarabetarena აგრძელებს თქვენთვის ევრო 2024-ს მონაწილე გუნდების გაცნობას და დღეს საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი მეტოქის, თურქეთის ჯერი დადგა.
ჩვენმა გეოგრაფიულმა მეზობელმა ევროპის ჩემპიონატის საგზური პირდაპირ საკვალიფიკაციო ეტაპით გაინაღდა, რაც მათაც დაეხმარა და გარკვეულწილად ჩვენც (ამის შესახებ მოგვიანებით მოგიყვებით).
ჯგუფში თურქებს ხორვატია, უელსი, სომხეთი და ლატვია ჰყავდათ და მათ 17 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს და ხორვატია მეორეზე (16) გაუშვეს. დიდწილად ეს მწვრთნელის დროული შეცვლის დამსახურებაც არის - შტეფან კუნტცს სომხეთთან სექტემბერში ნათამაშები ფრე (1:1) არ აპატიეს და მის ნაცვლად იტალიელი ვინჩენცო მონტელა მოიყვანეს, რომელმაც სადებიუტო მატჩშივე მთავარ კონკურენტ ხორვატიას სტუმრად მოუგო (1:0), შემდეგ კი შინ ლატვია გაანადგურა (4:0) და ევროპის ჩემპიონატის საგზური ოფიციალურად გაინაღდა. ბოლო ტურში მონტელას გუნდი, რომელსაც პირველობა განაღდებული ჰქონდა, სტუმრად უელსს დაუზავდა.

სამაგიეროდ, არ გამოუვიდა გუნდს მარტის ამხანაგური თამაშები - თურქები სტუმრად ჯერ უნგრეთთან დამარცხდნენ (0:1), შემდეგ კი ავსტრიასთან სრული კრახი განიცადეს (1:6).
რით დაეხმარა თურქეთი საქართველოს? საქმე ისაა, რომ ერთა ლიგის ნახევარფინალში, საქართველოს ნაკრების მეტოქე არა ლუქსემბურგი, არამედ თურქეთი უნდა ყოფილიყო, რომელმაც C დივიზიონში თავისი ჯგუფი მოიგო, თუმცა ერთა ლიგის პლეი-ოფიდან იმის გამო ჩაიხსნა, რომ ევროს საგზური პირდაპირ საკვალიფიკაციო ეტაპით მოიპოვა. სწორედ ამან მისცა საშუალება თურქეთის ჯგუფის მეორეადგილოსან ლუქსემბურგს ნახევარფინალი ეთამაშა.
თურქეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატებზე მეხუთედ მიიღებს მონაწილეობას - გუნდის დებიუტი 1996-ში შედგა, როცა ისინი ინგლისის ევროზე ჯგუფში ჩარჩნენ. 2000-ში თურქები მეოთხედფინალში გავიდნენ, 2004-ში ვერ მოხვდნენ, 2008-ში კი თავისთვის საუკეთესო შედეგი დააფიქსირეს, როცა ნახევარფინალში შეძლეს გასვლა და გერმანიასთან მძიმე ბრძოლაში (2:3) დამარცხდა.
2016 და 2020 წლების ევროპის ჩემპიონატზე თურქეთი სტაბილურად ჯგუფში რჩებოდა და 2008 წლის შედეგის გაუმჯობესება ჯერ ვერ მოახერხა.
თურქეთის ეროვნული ნაკრების სადღეისო ღირებულება 355.10 მილიონ ევროს შეადგენს და მის რიგებში მან იუნაიტედის, ინტერის, იუვენტუსის, ბენფიკას და მადრიდის რეალის ფეხბურთელები თამაშობენ.

ნაკრების ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ჰაკან ჩალჰანოღლუა (40 მილიონი ევრო), შემდეგ მოდიან ორკუნ კოკჩუ (ბენფიკა) - 30 მილიონი ევრო, კენან ილდიზი (იუვენტუსი) - 30 მლნ ევრო. მადრიდის რეალის ამომავალი ვარსკვლავი, არდა გიულერი, რომელსაც ნაკრების მაისურით ამ დრომდე 6 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, 15 მილიონადაა შეფასებული.
თურქეთის ნაკრების ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი დღესდღეობით ჰაკან ჩალჰანოღლუა, რომელსაც 84 მატჩი დაუგროვდა, მეორე ადგილს კაან აიჰანი იკავებს 56 მატჩით, მესამეზე კი ჯენკ ტოსუნია 50 თამაშით.
გუნდის საუკეთესო მეგოლეებიც იგივე ფეხბურთელები არიან - ტოსუნის ანგარიშზე 20 გოლია, ჩალჰანოღლუმ კი ნაკრების მაისურით 18-ჯერ გაიტანა. სხვა არცერთ ფეხბურთელს ჯერ 5 გოლზე მეტი არ აქვს გატანილი.
ევრო 2024-ზე თურქეთი საქართველოს, ჩეხეთს და პორტუგალიას დაუპირისპირდება.
საქართველოს წინააღმდეგ თურქებს 5 მატჩი აქვთ ჩატარებული - 3 მოგება, 1 ფრე და 1 მარცხი.
პორტუგალიას თურქეთი 9-ჯერ დაუპირისპირდა და 2 მოგებასთან ერთად 7 თამაში წააგო.
მატჩების ყველაზე მდიდარი ისტორია თურქეთს ჩეხეთთან აკავშირებს - 11 თამაში, 5 მოგება, 1 ფრე, 5 მარცხი.
გთავაზობთ სტატიებს სხვა ნაკრებების შესახებაც:
გერმანია
საფრანგეთი
ინგლისი
პორტუგალია
იტალია
ნიდერლანდები
ხორვატია
ესპანეთი